ძალიან მინდა, ეს ხალხი პარლამენტში ოპოზიციის რანგში ვიხილო.  იმედი მაქვს, რომ "ქართული ოცნება" არ ჩამოიშლება მარცხის შემდეგ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის 26 ოქტომბრის არჩევნებზე 2 მილიონ ორასი ათასამდე ამომრჩევლის აქტივობას ელის.

"აუცილებელია, ყველა მივიდეთ არჩევნებზე. არ უნდა გვქონდეს თვითიმედოვნება, რომ ოპოზიცია იგებს და მე თუ არ მივალ არჩევნებზე, არაფერი მოხდება. ჩვენ გვინდა, რომ 2 მილიონ ასი-ორასი ათასამდე მაინც იყოს აქტივობა, რომ დიდი უპირატესობით დავამარცხოთ ის უბედურება, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ამოცანა. მინდა საზოგადოებას ვთხოვო, არ მოვდუნდეთ, კი, დიდი უპირატესობაა ჩვენს მხარეს, მაგრამ არ მოვდუნდეთ.  

მე იმედი მაქვს, რომ "ქართული ოცნება" არ ჩამოიშლება მარცხის შემდეგ და ძალიან მინდა, ეს ხალხი პარლამენტში ოპოზიციის რანგში ვიხილო, განსაკუთრებით კობახიძის და ივანიშვილის ნახვა მინდა. ივანიშვილი ებღაუჭება საპარლამენტო იმუნიტეტს და მინდა ვუთხრა - ნუ გეშინიათ, ჩვენ არ ვაპირებთ ისე მოგექცეთ, როგორც თქვენ მიხეილ სააკაშვილს მოექეცით", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.