რუსეთი ამ ომში მარცხდება და ამაზე საუბრობენ ივანიშვილის ბინძური პროპაგანდისტებიც კი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს უკრაინელი და ქართველი მოქალაქეების სისხლში აქვს ხელები გასვრილი.

"ფაქტი არის ერთი - რუსეთი ამ ომში მარცხდება და ამაზე საუბრობენ ივანიშვილის ბინძური პროპაგანდისტებიც კი. ახლა, ბოლო პერიოდში შეცვალეს რიტორიკა და ამბობენ, რომ რუსეთს სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ ეს გადალაგება ივანიშვილს არ გამოუვა იმიტომ, რომ ივანიშვილს აქვს უკრაინელი უდანაშაულო ადამიანების სისხლში ხელები იმიტომ, რომ ივანიშვილი წლები ეხმარებოდა და ჩემი ღრმა რწმენით, ახლაც ეხმარება რუსეთს საერთაშორისო სანქციებისგან გვერდის ავლაში. ამის მტკიცებულებებიც არსებობს და ჩვენ პარტია "დროაში" არაერთხელ გვისაუბრია ამ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. ასევე, ივანიშვილი პუტინის ეხმარებოდა სანქცირებული საწვავის რეალიზაციაში, აკრძალული მიკროჩიპების შეტანაში რუსეთის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ.

მეორე მხრივ, ივანიშვილს ქართველი ხალხის სისხლში აქვს ხელები გასვრილი იმიტომ, რომ ივანიშვილმა საქართველოში შექმნა სისტემური წამების მანქანა, რომელიც აუცილებლად გამოიძიება თავის დროზე", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.