თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადება, სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანია და ის მიესალმება აღნიშნულ რეფორმას. 

კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ სოციალური დახმარების დანიშვნა ან მოხსნა არ უკავშირდება პარტიულ კუთვნილებას, როგორც ზოგიერთი ცდილობს ამის წარმოჩენას.

"ყოველთვის სპეკულაციები და სიცრუე მოდის, როდესაც საქმე ეხება  კონკრეტული მიმართულების  გაჯანსაღებას, რეფორმის განხორციელებას. იგივე იყო ფასებთან დაკავშირებით. ნებისმიერი მიმართულება ავიღოთ, სადაც ხელისუფლება ამბობს, რომ საჭიროა გარკვეული ცვლილება და რეფორმა, საპასუხოდ ვისმენთ სიცრუეს.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველთა საკითხს, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმის განხორციელება, მე ამას მივესალმები. ბევრჯერ მითქვამს მთავრობის სხდომაზეც, შეგიძლიათ ჩემი მიმართვები ამოიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ  ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობენ ოჯახები და ადამიანები, ვისაც ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. ვიდრე არსებობენ ასეთი ოჯახები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს, გვერდით დაუდგეს, დაეხმაროს, ეს იქნება სხვადასხვა პროგრამის სახით ჯანდაცვის თუ სოციალური მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული აღნიშნული ბაზა არ განახლებულა.

"განცხადება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ  იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ და ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

მე მახსოვს, პანდემიის პერიოდში დახმარებების თვალსაზრისით როდესაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს იყო სწორი, მაგრამ დღეს განსხვავებული მოცემულობაა, შესაბამისად, უნდა მოხდეს სოციალურად დაუცველთა ბაზის გადახედვა. იმ რთულ პერიოდში ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდა სიებში, ვისაც სახელმწიფო ეხმარებოდა. როგორც ვიცი, ამის შემდეგ აღნიშნული ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ ის, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერი  სოციალური დახმარების დანიშვნა-მოხსნის საკითხის პარტიულ კუთვნილებასთან დაკავშირებას სიცრუესა და ტყუილს უწოდებს.