ეს არ არის არც პროტოკოლით და არც ეტიკეტით გათვალისწინებული ქმედება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ეხება ჩვენს ძალიან მტკივნეულ ისტორიულ მეხსიერებას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ირანის ელჩის ქმედება არის საქართველოს ისტორიულ საუნჯეზე არასერიოზული დამოკიდებულება.

"ეს არ არის არც პროტოკოლით და არც ეტიკეტით გათვალისწინებული ქმედება, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ეხება ჩვენს ძალიან მტკივნეულ ისტორიულ მეხსიერებას.

გასაგებია ის პრიორიტეტებიც, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას" საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, როდესაც მთელ "ტროლ-ბოტობას" დავალება აქვს მიღებული, რომ ირანის ელჩი დაიცვას და არაფერი თქვას საქართველოს ძალიან მძიმე ისტორიულ მეხსიერებაზე, ჩვენს ტრადიციებზე და წამებულ დედოფალზე, რომელიც ნამდვილად ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საუნჯეა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოში ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს - „მალე მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს. წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე. შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“.