კონსტიტუცია და კანონმდებლობა არავის აკისრებს ვალდებულებას, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს, ასეთი ვალდებულება ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ, აღიარება არც სამართლებრივ ვალდებულებას არღვევს და არც სამართლებრივ შედეგს იწვევს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისი თქმით, რაც სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, კონსტიტუციური წყობილების დამხობის ქმედება ვერ იქნება.

"კონსტიტუცია და კანონმდებლობა არავის აკისრებს ვალდებულებას, რომ არჩევნების შედეგები აღიაროს, ასეთი ვალდებულება ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ, აღიარება არც სამართლებრივ ვალდებულებას არღვევს და არც სამართლებრივ შედეგს იწვევს. რაც სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, კონსტიტუციური წყობილების დამხობის ქმედება ვერ იქნება.

დამხობის მიზნით ასეთი განცხადება მტკიცებულებად მხოლოდ შინაარსით შეიძლება შეფასდეს და მის შინაარსში ძალადობის ან კონსტიტუციის გვერდის ავლის არცერთი ელემენტი არ არის. ამას სხვათა შორის, თავად „ქართული ოცნება“, მოსარჩელე მხარეც ადასტურებს. რატომ?  მისი არსებობა, საერთოდ ამ დარბაზში რომ არიან, ამის მტკიცებაა. პარლამენტი ორი წელია ფუნქციონირებს, ფაქტი სახეზეა, კანონებს იღებს. ჩემი აზრით, საშინელ კანონებს, მაგრამ მაინც იღებს კანონებს, ფაქტია. თანამდებობის პირებს ირჩევს - ჩემი აზრით, ცუდ თანამდებობის პირებს, მაგრამ მაინც ირჩევს და თავად ეს სარჩელი ამ პარლამენტის წევრების ხელმოწერით არის შეტანილი. თუ არაღიარება კონსტიტუციური წყობილების დამხობა იყო, მოსარჩელე ამ წყობილების სრულად მოქმედი ინსტიტუტის სახელით როგორ არის წარმოდგენილი? ანუ თუ მოსარჩელე ამბობს, რომ მათი არაღიარება, ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა, მაშინ ამ წყობილების სრულად მოქმედი ინსტიტუტის სახელით ვერ გამოვიდოდა ამ პროცესზე დღეს, ხომ მეთანხმებით ამაში?", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.