სამწუხაროა, რომ არ შეიქმნა დიდი ერთობა და ამის რეალური შანსი აღარ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ერთობა, რომლის პრეზენტაციაც გუშინ იყო, არის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია, - ამის შესახებ "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

"მართლა ვფიქრობ, რომ ახლა არის დრო აქტიურობისა, იმიტომ, რომ არ არის საკმარისი  მხოლოდ და მხოლოდ ვილაპარაკოთ, მართლა რაღაც საქმე უნდა გაკეთდეს და პირადი მაგალითით უნდა აჩვენო ადამიანებს, რომ დღეს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება და არ არის განზე დგომის დრო. შეიძლება განსხვავებული აზრები გქონდეს ბევრ სხვადასხვა დეტალთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარი არის, რომ ჩვენ ამ არჩევნებში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. 

სამწუხაროა, რომ არ შეიქმნა დიდი ერთობა და ამის რეალური შანსი აღარ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ერთობა, რომლის პრეზენტაციაც გუშინ იყო, არის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია. საჭიროა, ამ ბრძოლაში ჩაებან ადამიანები და დაინახონ, რომ მართლაც არიან ახალი სახეები და რაღაც განახლება იქნება და იმედი მაქვს, გადახალისდება გარკვეული ხედვები და საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლიდან ჩვენ გამოვალთ გამარჯვებულები სახელოვნად.

5-იანი მოვიდა ჩემთან, შემომთავაზეს, გიორგი ვაშაძემ, - რთული იყო, კონსულტაციები გავიარე და აბსოლუტურად კარგად მესმის, რომ დიდი ტალახის სროლა ატყდება, ისედაც ვიცით, როგორი იქნება არჩევნები, ალბათ, ასეთი არჩევნები, როგორიც ჩვენ წინ გველის, გველის ძალიან ცხელი ზაფხული და კიდევ უფრო ცხელი შემოდგომა. მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლაში უნდა შევიდეთ და გარკვეულ წინაღობებზე, რომელიც რასაკვირველია, არსებობს, ამაზე შეიძლება ცალი თვალი მაინც მოვხუჭოთ", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ "ტვ პირველის" ეთერში.