მოვითხოვთ საწვავზე აქციზის განახევრებას, საწვავის ფასების შემცირებას და ფასებიდან კორუფციული წილის, კორუფციული დანამატის სრულად ამოღებას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფასებში 86%-იანი კორუფციული დანამატია.

"ქართული ბაზარი რუსეთზე დამოკიდებული გახდა და ფასები საგრძნობლად გაიზარდა. საქართველო რუსული გავლენებისა და ინტერესების ცენტრად იქცა.

ქვეყნის ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და ნავთობპროდუქტების ბაზარი რუსეთზე დამოკიდებული გახდა. მიუხედავად ამისა, ფასები არათუ არ შემცირებულა, არამედ გაიზარდა. როგორც თავად ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ფასებში 86%-იანი კორუფციული დანამატია. ეს განსაკუთრებით აისახება საწვავის ფასზე, რომელიც თითქმის ყველა პროდუქტისა და მომსახურების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ამიტომ, მოვითხოვთ საწვავზე აქციზის განახევრებას, საწვავის ფასების შემცირებას და ფასებიდან კორუფციული წილის, კორუფციული დანამატის სრულად ამოღებას“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.