ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი თბილისში გამართულ აქციას და სპეცრაზმის მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას ეხმაურება.

"აღშფოთებული ვარ, თბილისში დემონსტრანტების მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის კადრებით. ეს არ არის სამართალდამცავი ორგანო.

სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამწვავებს დაძაბულობას, პოლარიზაციას და მიუძღვება საქართველოს რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ..", - წერს ევროპარლამენტარი.

რუსთაველზე მომიტინგეები წინააღმდეგ სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა, ისინი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მათ შორის დაკავებების დროს. გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. ნაცემია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე 63 პირი დააკავეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.