ამერიკულ FARA-ს, აგენტების ამერიკულ კანონს, რატომ დაარქვეს რუსული, დღეს ირკვევა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

"დღევანდელი მოცემულობა, რაც ხდება, თურმე ამხელს იმას, თუ რატომ იყო ასეთი გააფთრებული ბრძოლა ამერიკული კანონის წინააღმდეგ და რატომ იყო უდიდესი მცდელობა არამარტო ქვეყნის შიგნიდან, რომ ამას დარქმეოდა რუსული კანონი, იმიტომ, რომ უცხოური დაფინანსებით ჩატარებული, აი, ისეთი ტრენინგები, რომელიც წინა დღეებში ჩატარდა, არ ყოფილიყო მხილებული, თუ ვისი დაფინანსებით ტარდებოდა.

ჩვენ ვნახეთ ეს კონკრეტული მაგალითები ამ დღეებში და ამისთვის იბრძოდნენ სწორედ, რომ დაფინანსების წყარო არ გამჟღავნებულიყო, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევებში დაფინანსების წყაროები მჟღავნდება და ეს არის ძალიან ცუდი. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ, მათ შორის ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიცაა USAID, მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. ეს მკაფიო განმარტებები ვერ მოვისმინეთ და ამის ნაცვლად იყო ცინიკური განცხადება. მაგალითად, იმის შესახებ, რომ თურმე „კანვასთან“ თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას. თუ ეს მოცემულობა მართალია, მაშინ ჩვენ ვართ მტყუანები. საქართველოს მოქალაქეებს, დღეს რაც ვნახეთ იმ ჩანაწერებში, მოგვეჩვენა ეს ყველაფერი და არ ყოფილა რევოლუციაზე საუბარი, არ ყოფილა რევოლუციის პრაქტიკულ გაზიარებაზე, რევოლუციის გამოცდილების გაზიარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე არ ყოფილა, რომ მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, რომ უნდა აიღონ პარლამენტი. ამაზე კი არ ყოფილა საუბარი, არამედ საქართველოს მოქალაქეებს გვეუბნებიან, რომ იყო ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე, ამის გაუმჯობესებაზე, მოთხოვნებზე და ხანდაზმული მოქალაქეების უფლებების ადვოკატირებაზე და არა იმაზე, რაც მოვისმინეთ.

ამ დონის ცინიზმი მივიღეთ დღეს, სამწუხაროდ და როდესაც საუბარია ჩვენს მეგობარზე, უნდა გავუსწოროთ თვალი და ვთქვათ, რომ ჩვენი მეგობრები არ არიან მართლები და განსაკუთრებით მათგან ვითხოვთ, რომ კონკრეტულ განმარტებას, რატომ აფინანსებდნენ ძალისმიერ რევოლუციურ მოდელს და ტრენინგებს საქართველოში, ამაზე გაგვცენ პასუხი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.