მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა გავიყვანო სამშვიდობოზე. ჩემი პირადი ბრძოლა გრძელდება და გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ექნება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან.

"სახელმწიფო, რომელიც შენდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ, დღეს პრაქტიკულად დაშლის პირასაა, რამეთუ ყველა მისი ინსტიტუტი და პირველ რიგში, კონსტიტუცია აღარ არსებობს და ფეხქვეშაა გათელილი. ისინი, ვინც ქვეყნის სათავეში არიან, არაფრად თვლიან არც კონსტიტუციას, არც ადამიანის უფლებებს და არც ხალხის ნებას.  

ჩვენ აღარ გვაქვს სასამართლო, დიდი ხანია, რაც სასამართლო არ წარმოადგენს მაგალითს, თუ რა უნდა იყოს სასამართლო დემოკრატიულ ქვეყანაში. დღეს დღის წესრიგში აღარ არის სასამართლოს რეფორმები. სასამართლოს ყველა დონე არის წართმეული, სამართლიანობა ამ ქვეყანაში ვერ მოიპოვება.

პარლამენტი აღარ პარლამენტობს, ერთპარტიული შეკრებაა, სადაც რა გადაწყვეტილებებს იღებენ და რატომ არავინ იცის. მთავრობაზე არაფერი არ ითქმის, მათი საფუძველი მოპარული არჩევნებია.

ეს არის ძალიან მძიმე სურათი. სახელმწიფო ყველა ინსტიტუტი არის ერთი ადამიანის ხელში. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოდის და ტყუილ სურათს აჩვენებს, პრაქტიკულად, ყველა გადაცემაში დამახინჯებულია რეალობა. 

მე მაქვს იზოლაციიდან გამოსვლის როლი და მე ამ როლს ვასრულებ სრულყოფილად, მაქვს ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. მივდივარ ტრამპის ინაუგურაციაზე, რომელშიც სხვათა შორის, ფულს არავინ იხდის. მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ჩემი პირადი ბრძოლა გრძელდება და გაგრძელდება. მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა გავიყვანო სამშვიდობოზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.