ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ “ოცნების” მიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე შეთითხნილი ბრალი მხოლოდ პოლიტიკური დევნაა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ადრე თუ გვიან, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გახდება ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების საფუძველი და ობიექტურად დადგინდება - ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება.

“ვკითხულობ ციტატას სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებიდან:

“საქმის მასალების მიხედვით, სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს (მინისტრს - გახარიას და მის მოადგილეებს) კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების (რეზინის ტყვიების) გამოყენების ბრძანება არ გაუციათ.”

შესაბამისად, ისმის მთავარი კითხვა - ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების დავალება?

ჩვენ სრულად მივესალმებით სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გუშინდელ გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმეზე.

ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ “ოცნების” მიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე შეთითხნილი ბრალი მხოლოდ პოლიტიკური დევნაა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამორიცხავს გიორგი გახარიას იმ ბრალს, რასაც მას ოცნების პროკურატურა ედავება.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ:

20 ივნისის მიტინგის დაშლა იყო კანონიერი, ვინაიდან ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმს.

20 ივნისს დარღვევის გამომწვევი ერთადერთი იარაღი, რომლითაც ადამიანებმა მძიმე დაზიანება მიიღეს, იყო რეზინის ტყვიები. რეზინის ტყვიების გამოყენების არაპროპორციულობა დადასტურდა 4 კონკრეტულ შემთხვევაში.
რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია.

ადრე თუ გვიან, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გახდება ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების საფუძველი და ობიექტურად დადგინდება - ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება. მაშინ როდესაც, ვციტირებ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, გიორგი გახარიას და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს ეს ბრძანება არ გაუციათ.

სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას გიორგი გახარიას ადვოკატი, გიორგი გახარიას უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარადგენს სასამართლოში.

კიდევ ერთხელ, სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება.

მივმართავთ 20 ივნისის ორგანიზატორებს და ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას!“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20 ივნისის საქმეზე დავა სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო.