რამდენიმე დღეში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მმართველი ორგანოების არჩევნები გაიმართება. ასოციაციის თავმჯდომარეობისათვის 6 კანდიდატი იბრძოლებს.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ასოციაციაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიით ასოციაციის თავმჯდომარეობის ოპოზიციონერ და ხელისუფლების მიერ ლობირებულ კანდიდატებს შორის ცხარე კამათი მიმდინარეობს და ურთიერთბრალდებები ისმის.

თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა მუხრან ღურწკაიამ ,,პალიტრა ნიუსის“ ეთერში ასოციაციის ქონებებთან დაკავშირებით სკანდალური განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ადვოკატთა ასოციაციას უძრავი ქონება არ გააჩნია, ⁠ქონება ადვოკატებს გადმოცემული აქვთ მხოლოდ დროებით, აღნაგობის უფლებით და დატვირთულია იპოთეკით. ასოციაციის ქონება გადატანილია ,,ააიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფრასტრუქტურული განვითარების ცენტრზე“, რომლის თავმჯდომარეა დავით ასათიანია წევრი ირაკლი ყანდაშვილი, რომელიც ასევე კენჭს იყრის ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად და გავრცელებული ინფორმაციით ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია.

ხელისუფლების მიერ ლობირებული კანდიდატი ირაკლი ყანდარაშვილი მედიასთან არ ჩნდება და ,,ნიუპოსტის“ ზარებს უკვე რამდენიმე დღეა არ პასუხობს, მაგრამ წინასწარ, სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ  2 დღეში ელის უბინძურეს ცილისწამებებს.

,,ნიუპოსტმა“ ყველა ამ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით კითხვებით ასოციაციის მოქმედ თავმჯდომარეს დავით ასათიანსაც მიმართა.

დავით ასათიანმა ჩვენი კითხვების გაცნობის შემდეგ თქვა, რომ ,,ასე დიდი ხანია არ უცინია, რადგან აბსურდული კითხვები ყოველთვის სასაცილოა“. მან ,,ნიუპოსტი“ 13 დეკემბერს ასოციაციაში დაგეგმილ ღონისძიებაზე მიიწვია და დაგვპირდა, რომ ყველა ამ კითხვაზე პასუხს მისი გამოსვლიდან მივიღებდით.

ჩვენ კი, ჩვენ მხრივ დავპირდით, რომ ჩვენს კითხვებსა წინასწარ საჯაროდ და შემდგომ მის ამ პასუხებსაც გამოვაქვეყნებდით.

მაგრამ დავით ასათიანს 13 დეკემბრამდე მაინც მოუწია პასუხის გაცემა რამდენიმე ბრალდებაზე, რომელიც ასოციაციის ქონების საკითხებსა და ფინანსურ გამჭვირვალობის საკითხზე მუხრან ღურწკაიამ მედიით გააჟღერა.

გუშინ ადვოკატთა ასოციაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ,,ნიუპოსტს” დავით ასათიანმა პირადად მიაწოდა, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ განცხადების თემა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებშიც იყო გაჟღერებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოფ. დიღომში, ასოციაციის სათაო ოფისის მშენებლობა განხორციელდა სრულად ასოციაციის ფინანსებით, რომელიმე დონორი ორგანიზაციის, დაწესებულების ანდა სხვა პირის მხრიდან თანადაფინანსების გარეშე. მშენებლობის სრულმა ღირებულებამ, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მომენტისათვის შეადგინა - 4,332,269 ლარი.

რა მდგომარეობაა ასოციაციაში  და რა საკითხები იწვევს აზრთა სხვადასხვაობას?

ქვეყანაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა კრიზისმა ნათლად გამოაჩინა, რომ ადვოკატთა ასოციაცია ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის ქვეშაა და მას ადვოკატების საერთო განწყობებთან, პოზიციებთან და თავისუფალ ნებასთან არანაირი საერთო არ აქვს. ასოციაცია არ გამოხატავს მათ აზრს და არ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ამაზე მეტყველებს ასოციაციაში არსებული უძრაობა და უმოქმედობა, რომლის შენიღბვასაც მოქმედი მენეჯმენტი უსუსურად, არაფრისმთქმელი განცხადებებით ცდილობს, რომლის მიზანიც მხოლოდ აქტიურობის ილუზიის შექმნაა.

ერთპიროვნული მმართველობა - როცა დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის

დამორჩილებული და მდუმარე მდგომარეობაში მყოფი ადვოკატთა ასოციაცია აწყობს ხელისუფლებას, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არჩევნების შემდეგაც ისეთივე ხელმძღვანელობა და მმართველი საბჭო მიიღოს, რომელიც საზოგადოებრივი მღელვარებებისა თუ დაპირისპირებების დროს არ იქნება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული და დამატებით პრობლემებს არ შეუქმნის მას, ანუ არ იქნება საზოგადოებრივად აქტუალურ საკითხებზე აქტიური და ერთიანი პოზიციით გაძლიერებული. ხელისუფლებას არ აწყობს დამოუკიდებელი, ძლიერი ასოციაცია და ადვოკატთა ძლიერი კორპუსი.

კლანური მმართველობა

ადვოკატებისათვის ცნობილია ასევე, ის ფინანსური სქემები, რომლითაც მოქმედი მენეჯმენტი ადვოკატთა ასოციაციის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური სახსრებით ახდენს ადვოკატების ლოალობის და მხარდაჭერის მოპოვებას, საკუთარი კლანის შექმნასა და გაფართოებას, ასევე მათი მდუმარების უზრუნველყოფას.

ასოციაციამ შექმნა კომიტეტები და ქვეკომიტეტები, რათა გაფართოვდნენ,  გამრავლდნენ და დააკმაყოფილონ  საკუთარი მხარდამჭერები ფინანსურად, რაც კლანურობის სიმბოლოს წარმოადგენს.

ასოციაციის უმოქმედობა და ადვოკატების დარღვეული უფლებები

ბოლო წლების განმავლობაში, ორგანიზაციას არ დაუცავს არცერთი ადვოკატი, მათი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით არ მოუხდენია არცერთი ქმედითი რეაგირება და არ გადაუდგამს შედეგიანი ნაბიჯი. ასე მოხდა რამდენიმე კვირის წინ, უპრეცედენტო შემთხვევის დროსაც, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი მაშინ აცხადებდა, რომ ასოციაცია მაქსიმალურად უზრუნველყოფდა დავით ჯანდიერის სამართლებრივ და კოლეგიალურ მხარდაჭერას, რათა ადვოკატის უფლებები და პროფესიული საიდუმლოების და ადვოკატი-კლიენტის კონფიდენციალურობის პრინციპები სრულად იქნებოდა გარანტირებული.

ამ ამბავს წინ უძღოდა სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის მიერ ადვოკატის შესახებ გავრცელებული ,,ინფორმაცია“, რომელსაც ჯანდიერმა მის პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობად შეაფასა.

მაშ რისთვისაა საჭირო რომელიმე პროფესიული გაერთიანება თუ მის წევრებს არ და ვერ დაიცავს?!

საგამოცდო ტესტები

ტესტები ბოლო 20 წელია არ გამოცვლილა და არ განახლებულა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ასოციაციას ცვლილებები სჭირდება ყველა მიმართულებით, რომელსაც მოქმედი მენეჯმენტი არ და ვერ უზრუნველყოფს, ხელისუფლებისადმი მორჩილების, დუმილისა და კლანური მმართველობის პირობებში.

ახალ თაობას ადვოკატის პროფესიაში სწორად შესასვლელად სჭირდება დაგეგმარება, რომ მისი პროფესიული უნარ-ჩვევები ბაზრის მოთხოვნებთან იყოს შესაბამისობაში და იყოს კონკურენტუნარიანი, რაც დღეს არ ხდება, ისევ და ისევ იმის გამო რომ ასოციაცია ქმედუუნაროა.

დაბოლოს,

ხელისუფლებასთან ოპონირების, პარტნიორობისა და თანამშრომლობის რეჟიმში ყოფნა ადვოკატის პროფესიის დაცვისა და განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საჭიროა საკანონმდებლო ინიციატივები ადვოკატების უფლებრივი მდგომარეობის დაცვასთან, სოციალურ და საპენსიო საკითხებთან, ახლგაზრდა ადვოკატების მხარდამჭერასთან და ზოგადად, სამართლებრივი საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ამ ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, ერთობლივი მუშაობაა საჭირო სახელმწიფო უწყებებსა და ხელისუფლებასთან ერთად, რასაც ასოციაცია არ და ვერ აკეთებს.

2017 წლამდე ასოციაციის ინიციატივით პარლამენტში რამდენიმე კანონპროექტია შეტანილი და 2021 მხოლოდ ერთი, თუმცა ამ საკანონმდებლო ინიციატივებიდან არცერთი არაა ბოლომდე მიყვანილი და მიღებული. 

https://newposts.ge