მხოლოდ იმიტომ მიდიან ბრიუსელში, რომ საზოგადოებაში, თავიანთ ამომრჩეველში შექმნან შთაბეჭდილება, რომ თითქოს, მათ კიდევ იწვევს ბრიუსელი, ან შესაძლებელია, რომ ევროპამ რაღაც ფორმით აღადგინოს კავშირი, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებზე მოუწევს პასუხების გაცემა.

"ამ შეხვედრის ფარგლებში მას მოუწევს ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა, ყველა კითხვას დაუსვამენ პირდაპირ. მას მოუწევს იმის ახსნა, როგორ შეიძლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა იყოს დაკავებული ოპოზიციის აკრძალვით, უდანაშაულო ადამიანების დაკავებით, სიტყვის თავისუფლების აკრძალვით, როგორ შეიძლება ქვეყანა იყოს უმძიმეს მდგომარეობაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით, აღარ ვსაუბრობ იმაზე, რა მდგომარეობაა სამართლებრივი სახელმწიფოს გაუქმების თვალსაზრისით და მას მოუწევს ამ ყველაფერზე ძალიან ღია პასუხების გაცემა.

რაც შეეხება იმას, რატომ მიდიან ესენი ასეთ შეხვედრებზე, ეს ძალიან მარტივი ასახსნელია - მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებაში, თავიანთ ამომრჩეველში შექმნან შთაბეჭდილება, რომ თითქოს, მათ კიდევ იწვევს ბრიუსელი, ან შესაძლებელია, რომ ევროპამ რაღაც ფორმით აღადგინოს კავშირი, რაც ტყუილია, რა თქმა უნდა", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში "ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.