დავით თარხან-მოურავი უარყოფს, რომ ხატმწერმა მატრონას ხატზე ის და ირმა ინაშვილი გამოსახა. თარხან-მოურავის თქმით, ხატზე გამოსახული ფიგურები ვიზუალურად არც მას და არც ირმა ინაშვილს არ ჰგვანან.

"მე დავაკვირდი ხატზე გამოსახულ მანდილოსანს. ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ამ მანდილოსანს ყავისფერი, უფრო წითური ყავისფერი. ახლა თვალები, სახის მოხაზულობა, ცხვირი, ნუ არ ვიცი, მე მგონი, სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის ირმა ინაშვილი, მაგრამ, ნუ, ვერანაირად ვერ მიამსგავსებ იქ გამოხატულ მანდილოსანს ირმა ინაშვილს, ვერც თვალებით, ვერც ცხვირით, ვერც სახით, ვერც თმით, მაგრამ, თუ გსურთ, რომ რაღაც გამოიგონოთ, ყველაფრის გამოყენება შეგიძლიათ.

მორიგი რაღაცა ტყუილები, რა, გავაფრენ ამდენი ტყუილის ატანა რამდენად შემიძლია. როდის დაიწერა ეს ხატი? 2018 წელს და მე თმები არა მაქვს უკვე 10 წელიწადია, 10 წელიწადია მელოტი ვარ. რაღაცა შედარების უნარი ხომ არსებობს და მე ეგეთი თმა მაქვს? ან ასეთი ჩაზნექილი ცხვირი მაქვს?", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა "ტვ პირველთან".

დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის წმინდა მატრონას ხატზე გამოსახვასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის დამადასტურებლადაც ხატიდან ნახატის ფრაგმენტიც იყო მოახლოებული.

"როდემდე უნდა გაგრძელდეს ფაქტების მალვა ხალხო, აქციებს რომ ატარებენ და ვიღაცების დასჯას რომ ითხოვენ, წმინდა მატრონას ხატზე სტალინთან შეხვედრის სცენის გარდა ასევე გამოსახულები არიანო ინაშვილი და თარხანმოურავი. დაჩოქილები ლოცულობენ და ევედრებიან არჩევნებში გამარჯვებას. მარცხენა კუთხეშია ეს. დაიწყეთ ახლა არ დაგვინახავს, არ შეგვიფასებია, საინტერესოა ვისი დავალებით შეიტანა ეს ხატი ირმამ და თარხანამ სამებაში. გეკითხათ თავის დროზე სამებაში მღვდლებისთვის და გეტყოდენ ვინც დართო ნებართვა. გამოვიდნენ ახლა საპატრიარქოდან და თქვან ვისი დავალებით შეიტანეს. თუ ასე არაა მაშინ რატო გადამალეს ხატი და რატო არ სცემენ პასუხს ქუჩაში გამოსულ ხალხს ვიღაცის დასჯას რომ ითხოვენ, უთხრან მათ ვისი ბრალია და აღიარონ თავად", - წერია სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდზე.