რაც უნდა გენიოსზე ვსაუბრობდეთ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია 613 მსჯავრდებულის ინდივიდუალური საქმე და შეწყალების რისკები 20 დღეში შეისწავლო. მით უმეტეს, ვსაუბრობთ საბაზისო განათლების არმქონე დე ფაქტო პრეზიდენტზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი მიხეილ ყაველაშვილის მიერ 613 მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით წერს.

"არ შეიძლება ამ მასშტაბის შეწყალება კრიმინალის მდგომარეობის და რეციდივის ანალიზის გარეშე. ამნისტიაზეც ვითხოვდით ანალიზის წარმოდგენას და რა თქმა უნდა, ვერ წარმოადგინეს.

ასეთ შეწყალებას ქვეყანაში, სადაც რეჟიმის „ბეზპრიძელია“ და ქუჩაში არაფორმალი ნიღბიანები დარბიან, ერთადერთი მიზანი აქვს: რეპრესიებისთვის საჭირო სამუშაო ძალის დამატება. და თუ მიზანი ეს არ არის, მაშინ სად არის ანალიზი?

ამიტომ, ეს არის შეწყალება კრიმინალურ დაჯგუფებად გარდაქმნილი სუსის რეკომენდაციით.

რეჟიმი ისევ დაიწყებს საუბარს ჰუმანურობაზე და შეეცდება ეს შეწყალება ნათლისღების დღესასწაულით შეფუთოს, ამ შეწყალების კრიტიკოსები ურწმუნოებად და არაჰუმანურებად მონათლოს. მაგრამ ხომ შეუძლებელია იმ რეჟიმის ჰუმანურობის და რწმენის გჯეროდეს, რომელმაც ასეულობით ადამიანი უსასტიკესად აწამა და უდანაშაულო, საუკეთესო მოქალაქეები ციხეში გამოკეტა. პლუს, ანალიზი დაიდოს!" - წერს მეზვრიშვილი.