უკვე დაწერილია ისტორია ადამიანების, ვინც სარჩელი დაწერეს, მაგრამ მოსამართლეების ისტორია ჯერ არ დაწერილა - მათ შეუძლიათ ისტორიაში შევიდნენ როგორც ხალხი, რომელმაც საჭირო დროს იპოვა ძალა, რათა გადაერჩინა დემოკრატიის ნაგლეჯები, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უსამართლობა არის უსამართლობა და ყოველთვის უნდა ებრძოლონ ამას.

“ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ვიღაცების ისტორია უკვე დაწერილია, მათ შორის, იმ ადამიანების, რომლებმაც ეს სარჩელი დაწერეს. ყველამ უკვე ვიცით, როგორ შევლენ ისინი ისტორიაში, მაგრამ იმ მოსამართლეების, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, თუ როგორ შევლენ ისტორიაში, ჯერ არ დაწერილა. მათ შეუძლიათ ისტორიაში შევიდნენ ან ისე, როგორც დანარჩენები შევლენ „ქართული ოცნებიდან” ან შევიდნენ ისე, როგორც ხალხი, რომელმაც საჭირო დროს იპოვა ძალა და ღირსება, რათა გადაერჩინა დემოკრატიის ის დარჩენილი ნაგლეჯები, რომელიც ჯერ კიდევ არის ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ. 

საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვას დღეიდან დაიწყებს.