ევროკავშირი არ ითხოვს არაფერს იმაზე მეტს, რაც იყო თავდაპირველ დოკუმენტში, არ ითხოვს იმაზე მეტის გაკეთებას, რაც გამოქვეყნებულია სავიზო რეჟიმის ანგარიშში, აქედან გამომდინარე, მცდელობა "ქართული ოცნებისა", რომ ეს ყველაფერი დაუკავშირონ სხვადასხვა პროპაგანდისტულ გზავნილებს, არის მარტივი ტყუილი, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის წინაშეა, "ქართული ოცნების" ბრალია.

"ქართულმა ოცნებამ" იმდენად გააუარესა მდგომარეობა და იმდენად უკან დაიხია საქართველომ, რომ ვიზალიბერალიზაციას, რომელიც წლების წინ მოვიპოვეთ, ვკარგავთ. რას ითხოვს დამატებით ევროკავშირი? - არაფერს, ევროკავშირი რასაც ითხოვდა, გაწერილია და ღია დოკუმენტია, რომლის ნახვაც ყველას შეუძლია. როდესაც სამოქმედო გეგმა მივიღეთ, ძალიან კონკრეტულად იყო გაწერილი, რომ ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ძალიან მარტივად მიიღებდა საქართველო ვიზალიბერალიზაციას. ეს დავაკმაყოფილეთ და იმ მომენტისთვის ყველა პუნქტი იყო შესრულებული. ამის შემდეგ "ქართული ოცნება" ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიდის რუსეთისკენ, შორდება ევროკავშირს და ხდება რუსული ყაიდის სახელმწიფო. ეს ყველაფერი ვერ იქნება თანხვედრაში იმ მოთხოვნებთან, რომელსაც თავის დროზე ითვალისწინებდა ეს სამოქმედო გეგმა.

ევროკავშირი არ ითხოვს არაფერს იმაზე მეტს, რაც იყო თავდაპირველ დოკუმენტში, არ ითხოვს იმაზე მეტის გაკეთებას, რაც გამოქვეყნებულია სავიზო რეჟიმის ანგარიშში, აქედან გამომდინარე, მცდელობა "ქართული ოცნებისა", რომ ეს ყველაფერი დაუკავშირონ სხვადასხვა პროპაგანდისტულ გზავნილებს, არის მარტივი ტყუილი, გამიზნული იმისათვის, რომ საქართველოს საზოგადოებაში გააჩინონ ეჭვი, რომ თითქოს, ვიღაც სხვას შეიძლება დაბრალდეს და არა "ქართულ ოცნებას", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.