ნუ დამაწყებინებთ გამორჩევას ცუდის და კარგის. ამაზე უკეთესი და ამაზე მეტი პოზიტიური შედეგის მომტანი ხელისუფლება ამ ქვეყანას ჯერ არ ჰყოლია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში 2004-2012 წლების ხელისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პირადად მისთვის, "ვარდების რევოლუციაზე" მნიშვნელოვანი მხოლოდ დამოუკიდებლობის გამოცხადებაა.

"ქალბატონო მოსამართლევ, კიდევ ერთხელ ბრინჯსა და წიწიბურას ნუ გადამირევთ და ნუ დამაწყებინებთ გამორჩევას ცუდის და კარგის, რა იყო კარგი და რა ცუდი. ბევრი ვილაპარაკე ამაზე. ამაზე უკეთესი და ამაზე მეტი პოზიტიური შედეგის მომტანი ხელისუფლება ამ ქვეყანას ჯერ არ ჰყოლია. 23 ნოემბერს არის „ვარდების რევოლუციის“ წლისთავი. ვინც რაც არ უნდა თქვას, რამდენი სახელმძღვანელოც არ უნდა დაიწეროს, „ერთიან ორგანიზმად გამოაცხადონ“ თუ სამთავიან დევად, ამ თარიღზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. თუ მოხდება, ძალიან გამიხარდება და იმასაც ვიზეიმებ. ეს თარიღი ჩემთვის იქნება ყოველთვის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.