გიორგი ზურაბაშვილი ამისთვის დაინიშნა სინამდვილეში, რუსეთთან ამ ფარული არხების გაოფიციალურება მიმდინარეობს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია კეთილი მიზნებით ამის შეფუთვა.

"შეგახსენებთ, რომ ბელარუსი არის ანტიუკრაინული კოალიციის წევრი და ქართველი გიორგი ზურაბაშვილი ახლა იმყოფება უკრაინის საწინააღმდეგო სამხედრო გაერთიანების მიწაზე. თუ მოლაპარაკებები პირდაპირ ეხებოდა პროდუქტებს, ემბარგოს, შეიძლებოდა, ყოფილიყო სხვაგან, ასევე, შეიძლება თქვან ამის თაობაზეა, მაგრამ ამას არ ამბობენ. ღიად და ხაზგასმით ელაპარაკებიან რუსეთს, თან ბელარუსის ტერიტორიაზე.

დიპლომატიური ურთიერთობა სახელი კი არ არის, დიპლომატიური ურთიერთობა არის რეალური ნაბიჯები, როცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვდება რუსეთის წარმომადგენელს და ხვდება ბელარუსში, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.  ზურაბაშვილი ამისთვის დაინიშნა სინამდვილეში - რუსეთთან ამ ფარული არხების გაოფიციალურება მიმდინარეობს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მინსკში გიორგი ზურაბაშვილს და მიხაილ გალუზინს შორის პირველი ორმხრივი შეხვედრა იმართება.