დღეს, სოციალური და პოლიტიკური სადომაზოხიზმით შეპყრობილი ჯგუფების მხრიდან ნებისმიერი ეროვნული წარმატება და წარმატებული ქართველი სისტემური დევნის ობიექტია, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი.

"ხვალ, 19 მარტს ქართული რაგბის დიდი დღეა. ჩვენი ეროვნული ნაკრები საქართველოსთვის, ესპანეთში ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ნორმალურ ქვეყნებში ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონობა ეროვნულ დღესასწაულად ცხადდება.

ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ყველა დონის ეროვნული ნაკრებები, რაგბის  ფედერაცია გამარჯვებიდან გამარჯვებამდე უდიდესი ძალისხმევით, თავდადებით და პრაქტიკულად პირადი ინტერესების სრული გვერდზე გაწევით მიდიან. ამ ადამიანების დევიზია "ერთად, მტკიცედ - ყველაფერი საქართველოსთვის". ჩვენი ბორჯღალოსნების სამშობლოსთვის სამსახურის მაგალითზე უკვე ახალი თაობები მოდიან.

გასაგებია, ქართული სპორტის დიდი გამარჯვებები ქვეყნის გარეთ ყველას არ ახარებს. მაგრამ როდესაც მუდმივად საშოვარზე მყოფი სოციალური თუ პოლიტიკური სადომაზოხიზმით შეპყრობილი ადგილობრივი ჯგუფები ამ შემთხვევაში ნაკრებს და ეროვნულ ფედერაციას, ზოგადად კი ქართული საზოგადოებისათვის ყველაზე ღირებულ ფასეულობებს უბინძურესი საშუალებებით ებრძვიან ამას ჩვენი მოქალაქეობრივი და უბრალოდ ადამიანური მკაცრი პასუხი სჭირდება - არავის არ მივცემთ საქართველოსთვის მებრძოლებისთვის ზურგში დანის ჩარტყმის უფლებას.

ჩვენ საამაყო ბორჯღალოსნებს კი მუდმივი გამარჯვება მინდა ვუსურვო!", - წერს მეტრეველი.