ცხადია, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მზია ამაღლობელის მიერ სამართალდარღვევის ფაქტს დაადასტურებდა, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  საქმეში პოლიციას წარმოდგენილი აქვს ყალბი დოკუმენტები.

"დღევანდელი სხდომა დასრულდა. დარჩა მხოლოდ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება.

ვფიქრობ, მოსამართლეს შეეძლო დღესაც გამოეცხადებინა,  მაგრამ ცხადია, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც მზია ამაღლობელის მიერ სამართალდარღვევის ფაქტს დაადასტურებდა. პოლიციას წარმოდგენილი აქვს ყალბი დოკუმენტები.

ერთ-ერთმა პოლიციელმა ტყუილები ისაუბრა პროცესის დროს. მან თქვა, თითქოს მან დააკავა მზია ამაღლობელი, მაგრამ მოსამართლემ დღესვე უკვე დადასტურებულად თქვა, რომ ის ადამიანი, რომელიც მზიას ხელს ჰკიდებს და ეზოსკენ მიჰყავს, არის გრიგოლ ბესელია და სწორედ ამიტომ აღარ დაჰკითხა.

არ გვაქვს დიდი მოლოდინები სასამართლოს მიმართ დღევანდელ პირობებში, განსაკუთრებით ასეთ საქმეზე, როდესაც არსებობს მაღალი ინტერესი, რომ მზია დასაჯონ", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

 ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის”დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულდა. საპროცედურო ნაწილზე გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდება.  

“ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს.