არის ქვათა მიმოფანტვის და ქვათა შეკრების ჟამი, ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენს ოპოზიციაში არის ჟამი, როცა ქვებს შეკრებენ და მერე ან თავში ესვრიან ერთმანეთს, ან თავად ირტყამენ თავში. ვისაც არ უნდა ესროლო, ნებისმიერ შემთხვევაში, შენ მოგხვდება ეს ქვა და ეს გარემოებები ბევრ რამეს აფერხებს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ საბოლოო ჯამში, შიდა დაპირისპირებები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს პასუხისმგებლობით სავსე ადამიანებისთვის, ვიდრე დიდი სურათი, რაც პოლიტიკურ ოპოზიციურ ველშია.

"არის რაღაც დასანანი ამბები, რომელიც უთანხმოებას და მთავარი მიმართ შეკავშირების არარსებობას უკავშირდება. ამ თვალსაზრისით, 26 მაისი იყო არსებითი ხასიათის და ხალხმა, განსხვავებული მოსაზრების ადამიანებმა გვითხრეს, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური კლასი და როგორ შევძლოთ კონცენტრირება მთავარი იდეის გარშემო და არ გადააყოლოს ბევრი რამ ამ შიდა დაპირისპირებებს და პარტიკულარისტულ ვნებებს, რომელიც ბევრ ჩვენგანშია. არის ქვათა მიმოფანტვის და ქვათა შეკრების ჟამი, ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენს ოპოზიციაში არის ჟამი, როცა ქვებს შეკრებენ და მერე ან თავში ესვრიან ერთმანეთს, ან თავად ირტყამენ თავში. ვისაც არ უნდა ესროლო, ნებისმიერ შემთხვევაში, შენ მოგხვდება ეს ქვა და ეს გარემოებები ბევრ რამეს აფერხებს. საბოლოოდ კი აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ საკითხი, რომლის გამოცაა ატეხილი ამბავი, საერთოდ, ბრდღვნადაც კი არ ღირს.

მიხეილ სააკაშვილის ღვაწლის არდაფასება და არდანახვა ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურად ადამიანი არის ბრმა, არ აქვს ისტორიზმის განცდა და სამომავლოდაც ვერც ვერაფერს ვერ გააკეთებს. რა თქმა უნდა, ეს კაცი არის ძალიან დიდი ფიგურა, "ვარდების რევოლუცია", 2003 წელი - როცა არშემდგარი სახელმწიფო ხდება უკვე სახელმწიფო, იღებს ნიშნებს, ეს არის ისეთი დონის მოვლენა, რომ შეუძლებელია მისი გადაფასება, ასევე, მგონია, რომ მას აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ იყოს ქართული პოლიტიკის ნაწილი და სამომავლოდაც დიდი როლი შეასრულოს. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ პარტია, რომელთანაც ის ასოცირდება, სარგებლობს პროცენტული მხარდაჭერით. 

მეორე ამბავია ნიკა მელია. მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ენერგეტიკის პოლიტიკური ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღეს არ არსებობს. ადამიანი, რომელსაც შეუძლია ასეთი მასშტაბით ურთიერთობა, ეს არის ნიკა მელია.

დასანანი თავდასხმების ტალღა იყო ერთი მხრიდან. იყო რამდენიმე წერილი, თავდასხმა ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიებზე და აუცილებლად მინდა გამოვყო საკითხი, რომელიც ეხებოდა ამ ყბადაღებულ 40 მილიონს, რომელიც თითქოსდა, არსებობდა 40 მილიონი, რომელიც ივანიშვილმა მისცა გილაურს, მან გადასცა კონკრეტულ პარტიას და ამით დეზორგანიზაცია შეიტანა ოპოზიციური პარტიების რიგებში. ამის წარმომთქმელებს და ხშირად მესმის, რაქვაიაშვილმა სამთავრობო დებატებისას მთლად პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, ეს ხომ ასე იყოო, მე ამის წარმომთქმელებს ერთ რამეს ვურჩევდი - წავიდნენ და პირდაპირ პროკურატურას მიმართონ ამ შეკითხვით და პრეტენზიით. არაფერი ისეთ დეზორგანიზაციას არ ახდენს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში, როგორც ამის მსგავსი ბრალდებები, რომელიც მოვისმინეთ.

არ არსებობს არაფერი ინდიკაციები იმისათვის, რომ რაიმე დრამატულს ველოდოთ პარტია "ახალში". ეს იყო ორი ჯგუფის შერწყმა - ერთი, იმ ადამიანებისაგან შემდგარი, ვინც "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა მას შემდეგ, რაც ის ცნობილი მოვლენები მოხდა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" აირჩია სრულიად გასაგები გზა მისთვის, რაც პირადად ჩემთვის, მიუღებელი იყო და მივხვდი, რომ ამ პოლიტიკურ პარტიაში აღარ არის სიმართლე და არ შემეძლო იქ ყოფნა, მეორე - ხალხი იყო და ნიკა მელიასთან წამოსვლა მოხდა. 

არ მგონია, რომ საბოლოო ჯამში, შიდა დაპირისპირებები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს პასუხისმგებლობით სავსე ადამიანებისთვის, ვიდრე დიდი სურათი", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.