"ყველა ადამიანს თავისი მორალი აქვს და მე არ მინდა შევიდე ვინმეს გადაწყვეტილებების მორალის განხილვაში. საზოგადოებამ თავად განსაჯოს ვინ, რა და როგორ“, -  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხისას, ახალგაზრდების მისამართით ნანუკა ჟორჟოლიანის მოწოდებებთან დაკავშირებით.

როგორც კალაძემ განაცხადა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს  ოპოზიციაში არსებულ ვითარებას და მათ დამოკიდებულებას ადამიანებისადმი.

"მე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ჩვენს გუნდზე, განსახორციელებელ პროექტებზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ქვეყანაშია და რა ნაბიჯებს ვდგამთ ამისთვის.

ის, რაც ხდება ოპოზიციაში, ამასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს - იმ განხეთქილებას, დაპირისპირებას, იმას, რომ ადამიანების ბედი საერთოდ არ აინტერესებთ, გავიხსენოთ იგივე ბავშვების თემა წამლებთან დაკავშირებით, თუ როგორ დაუწყეს ლანძღვა მშობლებს მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ, მშობლებთან ერთად გადაწყვეტილება მიიღო აღნიშნულ მედიკამენტებზე.

საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან, რასაც დაუწერენ  და დაავალებენ, მიჰყვებიან და იმას აკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.