ოპოზიციის შეკრებები, სადაც ესწრებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები - ეს უნდა გაშუქდეს. ხალხმა უნდა ნახოს, რა არის, ვინ რას წარმოადგენს, ვის რისი გაკეთება უნდა, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხს ოპოზიციასთან დაკავშირებით ძალიან დიდი კითხვის ნიშანი აქვს დასმული.

"ჩემი აზრით, ოპოზიციის შეკრებები, სადაც ესწრებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები - ეს უნდა გაშუქდეს.

ხალხმა უნდა ნახოს, რა არის, ვინ რას წარმოადგენს, ვის რისი გაკეთება უნდა. სახალხო პარლამენტი და პარალელური პროცესი შეუძლებელია მხოლოდ რომელიმე ოთახიდან გამოსვლით და ლიდერების 30 წამიანი კომენტარით დასრულდეს, რომ "აი, ჩვენ ამაზე შევთანხმდით და საქართველო უპირველეს ყოვლისა". ამით არაფერი არ შეიცვლება. ხალხმა უნდა ნახოს, შიგნით ვინ რას საუბრობს, ვის რა აზრი აქვს. ხალხს ოპოზიციასთან დაკავშირებით  დიდი და მსუქანი კითხვის ნიშანი აქვს დასმული და ამ კითხვის ნიშანს, რომ პასუხი გასცე, ან ძახილის ნიშანი დასვან, ან გადახაზონ უნდა ნახონ ხალხმა არა მხოლოდ საერთაშორისო არენაზე, არამედ აქ ნახონ მიმდინარე მსჯელობა ცესკოზე, წნეხი როგორ უნდა გაზარდონ და ასე შემდეგ", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.