დასაგეგმია დიდი აქცია, ძალების მოკრება და ყველა მოთამაშის მიერ ხალხის ერთობლივად მობილიზება, ოპოზიციამ უნდა წარმოვადგინოთ ქვეყნის შიგნით და გარეთ საერთო ხედვა საქართველოს როლის შესახებ ახალ გეოპოლიტიკაში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, შეულამაზებელი რეალობა ცვლილების ერთადერთი სწორი საფუძველია.

"ძალიან სასიხარულოა ვენსის ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანში! ვულოცავ ჩვენს მეგობრებს რეგიონის შავი ხვრელიდან გაღწევისკენ გადადგმულ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს.

ჩვენ არაერთხელ ვიკისრეთ მსგავსი როლი რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ასეთი ხილული შევიწროება და ნამდვილი მშვიდობის კონტურების გამოკვეთა, რასაც ყოველთვის მოჰყვება გარღვევა განვითარების, ინვესტიციების, გამდიდრების კუთხით.

ასევე სასიხარულოა ქართველი აქტივისტების ხილვა ერევანში და სომხების აშკარა კეთილგანწყობა მათ მიმართ.
რაც შეგვეხება ჩვენ: შეულამაზებელი რეალობა ცვლილების ერთადერთი სწორი საფუძველია. ამიტომ შევხედოთ ამ ვიზიტს, როგორც სარკეს. წუწუნი სრულიად უადგილოა. ეს დე ფაქტო ბანდა კიდევ უფრო უარეს რეალობას შექმნის.
ამიტომ ვკონცენტრირდეთ გასაკეთებელზე:

1. დასაგეგმია დიდი აქცია, ძალების მოკრება და ყველა მოთამაშის მიერ ხალხის ერთობლივად მობილიზება - როგორც განაცხადი, კარგად შესამჩნევი განაცხადი, რომ ხალხი იბრძვის.

2. ოპოზიციამ უნდა წარმოვადგინოთ ქვეყნის შიგნით და გარეთ საერთო ხედვა საქართველოს როლის შესახებ ახალ გეოპოლიტიკაში - საგარეო პოლიტიკური ალტერნატივა. ის უნდა წარვადგინოთ ხმამაღლა და სხვადასხვა ფორმით ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებში.

3. რეგიონული უსაფრთხოების ხედვა თავისუფალი, სანდო, დემოკრატიული, ერთიანი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს პასუხისმგებლობების შესახებ ამ პროცესში.

პ.ს. რეჟიმის არაღიარების დამსახურებაა, რომ საქართველოსთვის კარი მოჯახუნებული არ არის და ბიძინას არ ნდობიან. ოპოზიციური ალტერნატივის ჩვენება საერთაშორისოდ რეჟიმის ცვლილების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ვიმოქმედოთ! ბოლომდე”, - წერს ელენე ხოშტარია.