"ოცების" ერთმა ფლანგმა დაასამარა მეორე ფლანგი, ახლა სცენაზე ივანიშვილის გამოსვლის დროა - ან უნდა თქვას, ფასები არ იზრდება, გეჩვენებათო, ან რომელიმეს მხარე უნდა დაიჭიროს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე წერს.

"რაც კობახიძემ ილაპარაკა ფასების ზრდის მიზეზებზე, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. სწორედ მის პრეზენტაციას მოჰყვა სუსის კომისიის შექმნა, რომელიც საბოტაჟზე თუ დივერსიაზე ეჭვების გამო შეიჭრა სავაჭრო ობიექტებში, ამოიღო დოკუმენტები, რასაც მოჰყვა პარლამენტის კომისიის შექმნა და ამ კომისიამ რა დაასკვნა?

1. ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენცია არსებობს და არ ხდება არავითარი გარიგებებიო;

2. არავითარი ზემოგება არ არსებობს, იმდენი აქვთ მოგების მარჟა, რამდენიც არის მიღებული საერთაშორისო დონეზეო.

"ოცების" ერთმა ფლანგმა დაასამარა მეორე ფლანგი.

ფასები არ იზრდებაო, ამას ხომ ვერ დაწერდნენ და რადგან იზრდება, ამ დასკვნიდან გამოდის, რომ ეს მთავრობის ბრალია და არა ბიზნესის.

კომისიამ ფასების ზრდაში სახელისუფლებო ბიზნესის როლზე მთლიანად დახუჭა თვალი. ეს უკვე “ოცნების” შიდაპოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე მიუთითებს. სასაცილოდ გამოიყვანეს მთავრობა, რომლის გათვლები და ცხრილები სანაგვეში მოისროლეს.

ახლა სცენაზე ივანიშვილის გამოსვლის დროა - ან უნდა თქვას, ფასები არ იზრდება, გეჩვენებათო, ან რომელიმეს მხარე უნდა დაიჭიროს.

საბოლოოდ ამ ფორმით მიიღებს თუ არა პარლამენტი დასკვნას, ამას მალე ვნახავთ. როგორადაც უნდა ჩაასწორ-გადაასწორონ, ფაქტი ერთია - მთავრობა პროვოკატორ-დამნაშავედ გამოიყვანეს.

თითოეული აბზაცის ირგვლივ ბრძოლა გაიმართება, გადარჩენის ბრძოლა", - წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.