თვითმარქვიად ვერ გამოვაცხადებ თავს, 2 თვით ადრე დაანონსებულ აქციაზე, მე თავს ორგანიზატორად ვერ გამოვაცხადებდი, -  ამის შესახებ დაკავებულმა პოლიტიკოსმა პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. 

მისივე თქმით, მას აინტერესებს, კონკრეტულად რომელი ქმედება, ან განცხადება შეიცავს მართლსაწინააღმდეგო ნიშნებს.

"მე ვერ ვიქნებოდი დაგეგმილი აქციის ორგანიზატორი, თვითმარქვიად ვერ გამოვაცხადებ თავს, 2 თვით ადრე დაანონსებულ აქციაზე, მე თავს ორგანიზატორად ვერ გამოვაცხადებდი. რა გამოდის, რომ 2 თვე საიდუმლოს ვმალავდით და მერე ვიდეო გადავიღეთ? აქციაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, მე სხვა მიმართულებით წავედი.
კონკრეტულად რომელი ჩემი ქმედება ან განცხადება შეიცავს მართლსაწინააღმდეგო ნიშნებს? რომ მცოდნოდა რაიმე უკანონობის შესახებ, იმ ვიდეო გადავიღებდი? არაფერი დამიგეგმავს და არც არაფერი მივარაუდებია.

როდესაც ლევან იოსელიანმა დამირეკა, თაბუკაშვილის ქუჩაზე ვიყავი. მან მკითხა თუ ვინ იყო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პირი, რაზეც ვუპასუხე, რომ არ ვიცოდი, არც ის ვიცოდი სასახლესთან რა ხდებოდა და როცა ლევანმა ამიხსნა, რაც ხდებოდა, ჩავთვალე, რომ ეს იყო დაგებული ხაფანგი და ის ხალხი იქიდან გამოსაყვანი იყო", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. 

პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე 2025 წლის 4 ოქტომბერს ღამით დააკავეს. გამოძიება მათ კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება, რაც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.