ზოგიერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, თუ ვინ რომელ კანდიდატს უჭერს მხარს, ამან დააზიანა პროცესი და შეიტანა არაზომიერი ძვრები, გარკვეულწილად, ეს არაკანონიკურიც კი იყო, - ამის შესახებ ისტორიის დოქტორმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ სხდომა არ დასრულდება, კონკრეტული ვერაფერი გაჟღერდება.

"ის განცხადებები, რომელიც წმინდა სინოდის დაწყებამდე მოვისმინეთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდზე დაყრდნობილი, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას თავისი სიმყარეც გააჩნია. ეს ბუნებრივია, ასე იქნება, სანამ სხდომა არ დასრულდება და შესაბამისი განჩინება არ დადგება იმ მთავარ საკითხზე, რაც დღეს უნდა გადაწყდეს. ის, რომ კონკრეტული განცხადებები არ კი არა, ვერ კეთდება, ეს ბუნებრივია, მით უმეტეს, პროცესი თავისი კენჭისყრით  არის ფარული და წმინდა სინოდის წევრებს არც აქვთ უფლება, რომ დაასახელონ ის კანდიდატები, რომლებსაც მხარს დაუჭერენ.

მე მიმაჩნია, რომ როდესაც ზოგიერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, თუ ვინ რომელ კანდიდატს უჭერს მხარს, ამან დააზიანა პროცესი და შეიტანა არაზომიერი ძვრები, გარკვეულწილად, ეს არაკანონიკურიც კი იყო და შესაბამისად, ისინი, ვინც არ ასახელებენ საჯაროდ თავის კანდიდატს, ეს სრულიად ბუნებრივია და მეტიც, პროცესისთვის ხელშემწყობია, რათა თავიდან იყოს აცილებული სპეკულაციები.

სანამ სხდომა არ დასრულდება, კონკრეტული ვერაფერი გაჟღერდება, პროცესი არის დაძაბული და ამას ცხადყოფს ის განცხადებები, რომელიც ამ დღეებში კეთდება, რაც თავადვე აჩენს კითხვის ნიშნებს, ფაქტია, რომ დაინტერესება არის ყველა მხრიდან და ეს ბუნებრივი, ადამიანური მომენტია, მაგრამ ეს დაინტერესება არავის მხრიდან არ უნდა გამოვლინდეს უხეში ფორმით. ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, არ არის ინფორმაცია გამოსული, რომ რამე არაჯანსაღად მიდის", - განაცხადა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ.