პროტესტის ახალი ტალღა - საქართველო ივანიშვილის გარეშე - უნდა დაიწყოს დღეს და სულ უნდა გაფართოვდეს, ზემოთ ზემოთ იაროს და 28 ნოემბერს, კობახიძის მიერ ევროპის წართმევის დღეს, უმსხვილეს აქციამდე მივიდეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.

"ვფიქრობ, დღეს, მოპარული არჩევნების ორი წლის თავზე (26 ოქტომბერია ხვალ, თუმცა ორშაბათი),

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბევრნი შევიკრიბოთ თსუ პირველ კორპუსთან, 7 საათზე.

პროტესტის ახალი ტალღა - საქართველო ივანიშვილის გარეშე - უნდა დაიწყოს დღეს და სულ უნდა გაფართოვდეს, ზემოთ ზემოთ იაროს და 28 ნოემბერს, კობახიძის მიერ ევროპის წართმევის დღეს, უმსხვილეს აქციამდე მივიდეს.

პარტიებს აკრძალავენ, ხალხს აკრძალავენ, ამომრჩეველს აკრძალავენ, მაგრამ ჩვენ არა თუ უნდა დავრჩეთ, არამედ გავძლიერდეთ! მხოლოდ კი არ უნდა გავუძლოთ და ფენიქსივით კი არ უნდა აღვდგეთ ფერფლიდან, ჰიდრასავით ახალი თავები უნდა ამოგვივიდეს, მეტნი გავხდეთ და კიდევ უფრო გავძლიერდეთ! გაძლება აღარაა საკმარისი შედეგი, გაძლიერებაა საჭირო!

ამიტომ, ბევრნი უნდა ვიყოთ დღეს და დასაწყისი უნდა იყოს შთამბეჭდავი!

და სულ უნდა გვახსოვდეს: ქარი სანთელს აქრობს, კოცონს კი - აღვივებს! სუსტი ცეცხლი მის ძალასთან უძლურია, ძლიერი ცეცხლი კი, პირიქით, სათავისოდ იყენებს და ძლიერდება!

ბევრნი უნდა ვიყოთ დღეს, 7-ზე, თსუ-სთან!" - წერს გვარამია.

თბილისში დღეს, 25 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ გაიმართება. შეკრება 19:00 საათზეა დაანონსებული.