ხელისუფლებას ნამდვილად უნდა, რომ ჰყავდეს მასზე დამორჩილებული და მოთვინიერებული პატრიარქი, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არ უნდა, რომ ისეთი ადამიანი გახდეს პატრიარქი, რომელსაც გავლენა შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებაზე. 

"ხელისუფლებას ნამდვილად უნდა, რომ ჰყავდეს მასზე დამორჩილებული და მოთვინიერებული პატრიარქი იმიტომ, რომ ილია მეორე ცდილობდა, ყოფილიყო დამოუკიდებელი ყველასგან, ყველა ხელისუფლებასთან ცდილობდა, ჰქონოდა დაბალანსებული პოლიტიკა, ცდილობდა, არც ძალიან დაახლოებოდა და არც დაშორებოდა. ეს მისი სტილი იყო. ფაქტია, რომ სწორედ ამ სტილით მოიპოვა მან სიყვარული საზოგადოების და გავლენაც ჰქონდა. ახლა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ნამდვილად არ უნდა, რომ ასეთი ადამიანი გახდეს პატრიარქი, რომელსაც გავლენა შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებაზე.

მათ ახალ არჩევნებამდე სამი წელი დარჩათ და ახალი პატრიარქი, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერ მოახერხებს ამ სამ წელში ავტორიტეტის მოპოვებას, ამიტომ, მათ სერიოზული პრობლემა გადააგორეს, სულ ცოტა, სამი წლით მაინც", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალეს. წმინდა სინოდი მომავალ პატრიარქს ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღეში, ან მაქსიმუმ, ორ თვეში აირჩევს.