"ქართული ოცნების“ მიერ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებები, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაქსიმალურად შეზღუდვას ემსახურება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაშია აღნიშნული. 

"აღნიშნული კანონპროექტი არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებასა და შინაარსს. ამავე დროს, საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, რადგანაც ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირში ფართოდ დამკვიდრებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს "ქართული ოცნების” მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის შეგნებულ, გამიზნულ საბოტაჟირებაზე.

ეს კანონპროექტი პირდაპირ ემსახურება რუსეთის ფედერაციის ინტერესებს, რომლის მთავარი მიზანია საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოს მაგივრად, ბელარუსისა და რუსეთის მსგავს ქვეყნად იქცეს, რასაც საქართველოში არსებული თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება არ დაუშვებს!

ამ ისტორიულ მომენტში, ქართველი ხალხის მთავარი მიზანი და ნებაა საქართველოს სამშვიდობოს გაყვანა, ევროკავშირში გაწევრიანება, დაცული და განვითარებული სახელმწიფოს შექმნა, რომელიც დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი იქნება.

რეჟიმის ინტერესებს მორგებული ვერანაირი მორიგი რუსული, ანტიევროპული და ანტიკონსტიტუციური კანონი, რომელიც ფურცელზე ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, რეალურად ვერ შეუშლის ხელს ქართველ ხალხს გამოხატოს საკუთარი ნება, უთხრას არა რუსეთს, რუსულ მმართველობასა და რუსულ კანონებს. ქართული პატრიოტული საზოგადოება გააგრძელებს საქართველოს თავისუფლებისთვის მშვიდობიან ბრძოლას და რუსულ რეჟიმს აუცილებლად დაამარცხებს!" - აღნიშნულია განცხადებაში.