"ქართულ ოცნებას“ საჯაროდ რომ ეთქვა - ჩვენ ევროპული გზის მიტოვება გვსურს, მაშინ გაყალბებული არჩევნების შემთხვევაშიც კი, შედეგები სრულიად განსხვავებული იქნებოდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე გამართული დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას არ სურს დასავლეთის ნაწილად ყოფნა.

"ივანიშვილმა გადაწყვიტა - არ მსურს დასავლეთის ნაწილი ვიყო და მირჩევნია, რომ ჩემი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე რუსეთთან დავრჩე. ერთი მთავარი ელემენტი, რომელსაც ყოველთვის ვიმეორებ არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული გზის მიტოვების დღის წესრიგი ფრთხილად დამალა. ეს მთავარი საკითხია, რადგან „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ რომ ეთქვა - ჩვენ ევროპული გზის მიტოვება გვსურს - მაშინ გაყალბებული არჩევნების შემთხვევაშიც კი, შედეგები სრულიად განსხვავებული იქნებოდა“, - განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.