26 მაისი არის ერთადერთი რამის დღე, ეს არის ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე, ლოგიკურია, რომ მხოლოდ ეროვნული ატრიბუტიკა გამოიყენება ამ დღეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

"26 მაისი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, რომლის ერთადერთი სუბიექტი არის ქართული სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა. შესაბამისად, 26 მაისი არის სწორედ ის დღე, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე. ერთადერთი გამონაკლისი იყო შარშანდელი წელი, რაც უკავშირდებოდა იმას, რომ ჩვენ ერთი თვით ადრე შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე. ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი. არც მანამდე, წინა ხელისუფლების დროს, არც მომდევნო წლებში, არასდროს სხვა ელემენტი არ იყო ჩართული შესაბამისი დღის გაფორმებაში. იმიტომ, რომ 26 მაისი არის ერთადერთი რამის დღე. ეს არის ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მხოლოდ სახელმწიფო, ეროვნული ატრიბუტიკა გამოიყენება ამ დღეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, არის ბევრი ადამიანი, რომელთაც სოციალურ ქსელის ანგარიშებზე, ე.წ. ჩარჩოებად მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშა უყენიათ, კობახიძის განცხადებით, სწორედ მათ აქვთ პასუხი გასაცემი კითხვაზე, რატომ არ იყენებენ საქართველოს დროშას.

"მე პირიქით მინდა, გავიხსენო ერთი რამ. საკმაოდ მრავლად არიან ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად, ეს არიან „ნაციონალები“, ფსევდოლიბერალები და მათზე აყოლილი სამწუხაროდ, ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც, მაგალითად, „ფეისბუქზე“ უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა. ეს არის მათი დამოკიდებულება. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. რატომ არ არის მათ ჩარჩოებზე გამოსახული საქართველოს დროშები, ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“, ფსევდოლიბერალებმა და არ დასვან სპეკულაციური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაზეც კითხვა საერთოდ არ არის დასასმელი“, – განაცხადა კობახიძემ.