მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ევროპის კავშირი და ევროპული საბჭო უფრო მკაცრი იქნება "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასურველია, რომ ევროკავშირის შეზღუდვები "ქართული ოცნების" მიმართ, არ დარჩეს მხოლოდ ვიზების შეზღუდვით.

"სასურველი იქნებოდა, რომ ევროპის პარლამენტს ჰქონდეს უფრო მეტი ძალა და ევროპის პარლამენტის რეზოლუციებს ჰქონდეს უფრო მეტი სიმძიმე, ვიდრე აქვს დღეს, მაგრამ რა პირობებშიც დღეს ეს პარლამენტი ფუნქციონირებს, ევროპის პარლამენტის თუნდაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რეზოლუცია ქმნის ერთგვარ ჩარჩოს, რომელშიც უნდა იმოძრაოს ევროპულმა კომისიამ და გარკვეულწილად, ევროპულმა საბჭომაც. ამიტომ, ამ რეზოლუციას, რასაკვირველია, აქვს მნიშვნელობა. დანარჩენი, როგორ მოიქცევა ევროპის კავშირი, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერები და როგორი იქნება ევროპის საბჭოს პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში.

უნგრეთის არჩევნების შემდეგ ის ბლოკი, რომელსაც წინააღმდეგობა და ვეტო, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერზე იყენებდა ვიქტორ ორბანი, ეს აღარ არსებობს, მაგრამ ევროპის კავშირშიც ხანდახან წევრი სახელმწიფოები ორბანისნაირ პოლიტიკურ ლიდერებს იყენებენ ხოლმე თითით საჩვენებელ საფრთხობელად. ეს ბლოკი უკვე უნგრეთის მხრიდან აღარ არსებობს და თუ ევროპის კავშირს მართლა სურს, რომ მიიღოს უფრო კონკრეტული  და მძიმე გადაწყვეტილებები "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით და არ დარჩეს მხოლოდ ცარიელი საუბრის და სავიზო შეზღუდვების ამარა, მაშინ დღეს მას ამის გაკეთება შეუძლია. 

მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ევროპის კავშირი და ევროპული საბჭო უფრო მკაცრი იქნება "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.