რისთვის ვზივარ ციხეში, ოქროს ზოდები იპოვეს? თუ "კარტიეს" საათები? -  ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" მისთვის სახელის გაფუჭებას ცდილობს.

"პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ხალხს აწამებს. ეს არის პუტინის და ლუკაშენკოს მსგავსი ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას აწამებს.

მოინდომეს ჩემი გაშავება, "შეტენვა" მოინდომეს ჩემთვის ძველი გამოუძიებელი საქმის. მოინდომეს ჩემი სახელის გაშავება, რომ უცხოელებისთვის და ქართველებისთვის ეთქვათ, რომ ეს არა ერთჯერადი, არამედ დაჟინებული ტერორისტიაო. 

ზუსტად ვიცი, რომ არც რუბიოს დასკვნა იყო შემთხვევით და არც ბატონი პაპუაშვილის წკმუტუნი. ჩემთვის საამაყოა, რომ საქართველოს სიყვარულისთვის ვზივარ ციხეში. რისთვის ვზივარ ციხეში ოქროს ზოდები იპოვეს? თუ კარტიეს საათები?", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.