საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ასევე, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭების პირობები შეისწავლოს.

"რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ თავის ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში აღნიშნული პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციების დაწესებას, ევროპარლამენტის მოწოდებისა და აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული სანქციების შემდეგ...

მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭების პირობები და განიხილოს ამ ჯილდოს ჩამორთმევის საკითხი, მისი იმ ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რესპუბლიკის მიერ აღიარებულ ღირებულებებს“, - აღნიშნულია რეზოლუციაში. 

ამასთან, რეზოლუცია "მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, მოითხოვოს ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებისა და იმ ახალგაზრდა მშვიდობიანი დემონსტრანტების, რომლებიც დაკავებული არიან თავიანთი დემოკრატიული აქტივობის გამო“.

რეზოლუცია საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.