უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესო ალავიძე აცხადებს, რომ სასამართლოში არსებულმა კლანმა ბიძინა ივანიშვილთან დადო გარიგება.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, გარკვეულ პირებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს ჩაიდინეს დანაშაულები, ივანიშვილმა აპატია დანაშაულები, სანაცვლოდ კი სასურველი გადაწყვეტილებების მიღების გარანტია მიიღო.

"სასამართლოში არსებულმა კლანმა ბიძინა ივანიშვილთან დადო გარიგება, რომ გარკვეულ პირებს, რომლებმაც თავის დროზე მიიღეს უკანონო გადაწყვეტილებები და ჩაიდინეს სხვადასხვა დანაშაული, მათ აპატიეს ეს დანაშაული, აპატია ბიძინა ივანიშვილმა, სანაცვლოდ, კლანისგან მიიღო დაპირება, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება სადაც იქნებოდა “სახელმწიფოს ინტერესი“, რომლის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნებოდა დაკვეთილი ხელისუფლებისგან, იქნებოდა სასურველი გადაწყვეტილება მიღებული. სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის საქმეების განსახილველად არჩევენ მოსამართლეებს სპეციალურად, და არა ისეთებს, ვინც გაბედავს და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას.  

დღეს სასამართლო არის, როგორც ინსტრუმენტი, ჩვენ სასამართლო ხელისუფლება, როგორც ინსტიტუცია არ გვაქვს, თუმცა რამდენიმე მოსამართლე დამოუკიდებელი გვყავს", - განაცხადა ალავიძემ.