შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუგებარი მიზეზით ვერ დაგვიშლის, განვახორციელოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და მშვიდად და წყნარად შევიკრიბოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს აქცია, უნდა იყოს დასაწყისი იმის, რომ ქვეყანაში მასშტაბიანი აქციები დაიწყოს.

"ზოგადად, ჩვენ უნდა განვაახლოთ აქციები და ეს აქციები უნდა გადაიზარდოს კიდევ უფრო ფართომასშტაბიან აქციებში. „ნაციონალური მოძრაობა“ აქ თამაშობს მთავარ როლს. ეს აქცია არ იქნება აქცია, რომელიც ჩატარდა და მორჩა. პირიქით, ეს აქცია, უნდა იყოს დასაწყისი იმის, რომ ქვეყანაში მასშტაბიანი აქციები დაიწყოს. ასე ვუყურებთ ჩვენ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას. ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის, ჟურნალისტები, აქტივისტები, სტუდენტები. ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ და ამ პირობებში, ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ჩვენ წნეხი მოვახდინოთ რეჟიმზე ქვეყნის შიგნით, ეს არის აქციები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუგებარი მიზეზით ვერ დაგვიშლის, განვახორციელოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და მშვიდად და წყნარად შევიკრიბოთ", - განაცხადა ანა წითლიძემ.

17:00 საათზე "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის დაკავების 5  წლისთავთან დაკავშირებით აქციას რიყის პარკში გამართავს.