რომეო მიქაუტაძის საქმე რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის, თავად რომეო მიქაუტაძემ თქვა სასამართლოზე, თავად აღიარებს, რომ კლანებს შორის დაპირისპირებას შეეწირა, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რასაც გამოძიება ამბობს, მხოლოდ ნაწილია იმ სიმართლის, რაც არსებობს.

"რომეო მიქაუტაძის საქმე რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის, თავად რომეო მიქაუტაძემ თქვა სასამართლოზე. თავად აღიარებს, რომ კლანებს შორის დაპირისპირებას შეეწირა ის და მათ შორის ის ხალხიც, ვინც ახლა ციხეშია, ანუ, ირაკლი კობახიძემ გაიმარჯვა გავლენების ბრძოლაში და დაამარცხა ირაკლი ღარიბაშვილის კლანი. ფაქტია ის, რომ რასაც ჩვენ ვუყურებთ, რასაც ამბობს პროკურატურა და რაც დადასტურდა, მხოლოდ ნაწილია იმ ქონებისა, რაც რეალურად აქვს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა - ყავაზე დასახარჯი ფულია, რომელიც ახლა სახელმწიფომ წაიღო - რვა მილიონი - სასაცილოა, რადგან ამ ადამიანებმა ამ წლებში მილიარდობით ლარის ქონება დააგროვეს და როცა ამას ვამბობ, ეს იკითხება კონკრეტული ფაქტებით. 

ყველა კარგად ხვდება, რომ ამით ვერ გადაიფარება „ოცნების“ სისტემური კორუფცია და ტერორი ვერ ჩაანაცვლებს სიმართლეს. ეს არის ფაქტი და ამას ვერ გაექცევა ვერც ირაკლი კობახიძე და ვერავინ.

ჩვენ კორუფციულ და უკანონო საქმეებზე, რომელსაც ეს რეჟიმი ჩადის, წლები ვსაუბრობდით, ამიტომ წარსულის აჩრდილები ახლა და ამწუთას კი არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს კორუფციული დანაშაულის რეალური გამოძიებები, პასუხისმგებელი პირების პასუხისგება და გვაინტერესებს ის, დასრულდება თუ არა ამ ქვეყანაში კორუფციული მმართველობა", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს ათი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა ორი წლის ვადით. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. სასამართლომ მიქაუტაძე ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთმევა შემდეგი ქონება: ესპანეთში არსებული 120 კვ ბინა, ასევე წეროვანში არსებული სახლი, რომლის ფართია 1 200 კვადრატი, ავტომობილები, "ნახიდურ ჰესის“ 15%-იანი წილი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, მათ შორის ძვირად ღირებული საათები, ოქროს ზოდები და მონეტები.