თქვენ ვერ გამოხვედით ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან, თქვენ არ ხართ შს მინისტრი, იცავთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი საქართველოში და უნდა აგოთ პასუხი ამაზე, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვახტანგ გომელაურმა შექმნა სადამსჯელო ჯგუფი, რაზეც პასუხს აგებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვენ შექმენით სადამსჯელო ჯგუფები და პირადად თქვენი დავალებით ეს სადამსჯელო ჯგუფები უსწორდებიან პარლამენტის წევრებს. თქვენ შექმენით სადამსჯელო ჯგუფები შსს-ში და სრულად პასუხს აგებთ იმ დანაშაულზე, რომელსაც პოლიციის მუნდირქვეშ ამოფარებული მცირე სადამსჯელო ჯგუფები ახორციელებენ მოქალაქეების წინააღმდეგ. ყველა დაკავებული ამბობს, რომ თქვენი დავალებით პოლიციის წარმომადგენლები მათ ფიზიკურად და სიტყვიერად უსწორდებიან.

თქვენი დავალებით ახალგაზრდებს შუკა-შუკა დასდევდნენ რობოკოპების თუ სხვადასხვა ფორმაში ჩაცმული კრიმინალები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აგებთ თუ არა ამაზე პასუხს? თქვენ ვერ გამოხვედით ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან, თქვენ არ ხართ შს მინისტრი, იცავთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი საქართველოში და უნდა აგოთ პასუხი ამაზე, თქვენ ყველა შემთხვევაში მოგიწევთ პასუხისგება, ვერ გაექცევი ხალხს.

თქვენ არ იცავთ არც ქალთა, არც ბავშვების, ახალგაზრდების, არც ადამიანის უფლებებს, თქვენ მხოლოდ და მხოლოდ, იცავთ ბიძინა ივანიშვილს და რუსულ კანონს", - განაცხადა გიორგი  ვაშაძემ.