ტყვეებით ვაჭრობა არ იქნება, ეს არის გამორიცხული, რამდენი პატიმარიც არ უნდა დააგროვონ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"ამას აკეთებს ახლა ბიძინა ივანიშვილი და ამას აკეთებდა ყოველთვის, ჩვენ არ დავსხდებით იმ მაგიდის მეორე მხარეს, სადაც ივანიშვილის მიმართულებით დახვავებულია პოლიტპატიმრები, დახვავებულია ჯარიმები, ნაცემი-ნაწამები ადამიანები, იქ არ დავსხდებით არსად. მძევლების გათავისუფლებაზე საუბარი არ იქნება. “ქართულმა ოცნებამ“, თუ პროცესების ნორმალიზაცია და სახის შენარჩუნება უნდა, თავად იცის, რაც უნდა გააკეთოს", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, არც ელენე და არც არავინ არ აპირებს თავისუფლების თხოვნას, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ამ თხოვნის საპასუხოდ მათი [ოცნების] მხრიდან უამრავი მოთხოვნა წამოვა, მათ შორის, სამშობლოს ინტერესების დათმობის.

"ივანიშვილის ტაქტიკა არის გასაგები, რაც უფრო დიდი ხროვა ექნება სავაჭრო და ეს მარტო პატიმრები არ არის, მით უმეტეს, არა მარტო პოლიტიკოსების, ისეთი ადამიანები არიან პატიმრობაში. იმდენი ადამიანი უნდა დაახვავონ, რამდენიც დასჭირდებათ, რომ დათმობებზე წამოვიდნენ და იცით, რამდენი აქვთ დასათმობი? უამრავი. ამაზე თვლიან, რადგან ყველა სფეროში ყველაფერი მომსპარი და ძირგამომპალია. ცხადია, ვინმე ოდესმე რამეზე თუ დაელაპარაკა, ეს იქნება უზარმაზარი სია, რაც უნდა იქნეს დათმობილი და გამოსწორებული. ამ უზარმაზარ სიას ისინი უპირისპირებენ უზარმაზარ საპირწონეს, დაუსრულებელი სახელების და გვარების ნუსხით. არ გამოვა. პასუხი უნდა იყოს მკაფიო, შეწყვიტეთ ამ ნუსხის კეთება, არავინ დაგელაპარაკებათ, ვიდრე ხართ ტყვეებით მოვაჭრეები.

პოლიტიკოსები ვდგავართ მყარად, რა პასუხისმგებლობაც არ უნდა შემოიტანონ, რა პარტიებიც არ უნდა გააუქმონ, არ ვაღიარებთ და გამორიცხულია, ვაღიაროთ. არ უნდა ელენეს თავისუფლება და არც ჩვენ მოვითხოვთ, ჩვენ ვიცით ამის უკან რა დგას, ელენეს თავისუფლების თხოვნა დამთავრდება იმით, რომ იქიდან მივიღებთ მოთხოვნას, ჩვენი სამშობლოს ინტერესების დათმობის და არც ელენე, არც მე, არც მიშა, არც ნიკა, ჯამში არავინ არ ღირს ამ მოთხოვნის დათმობად. არ იქნება ეს დათმობა, დროა ყველა შეეგუოს ამას და ეს არის ალიანსის მკაფიო პასუხი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.