მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა და აღმოჩნდა, რომ დარბაზში 60 დეპუტატია ნაცვლად 76-ისა. ჩვენ ძალიან გვინდოდა დღეს პოლიტიკური გამოსვლებით სარგებლობა, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

"მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა და აღმოჩნდა, რომ დარბაზში 60 დეპუტატია ნაცვლად 76-ისა. მოგეხსენებათ, ფულიანი ხალხია ჩვენი კოლეგები. ზოგი ერთ კურორტზეა დასასვენებლად, ზოგი მეორეზე, ნაწილი საერთოდ არგენტინაში ნებივრობს. მე არ წამიყვანეს სხვათა შორის. 

ჩვენ ზოგადად, ძალიან გვინდოდა დღეს პოლიტიკური გამოსვლებით სარგებლობა, მაგრამ თან ვიცით, რომ  "ლგბტ" კანონია შემოტანილი, რომელიც "ქართულ ოცნებას" ძალიან უნდა რომ მიიღოს. თან უნდა, რომ მარტო თვითონ მიიღოს. არავინ უნდა, ასეთ წმინდა საქმეში გარიოს. გამოდიოდა, იმის გამო, რომ კვორუმი ჩვენი მონაწილეობით შედგებოდა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით "ქოცებს" "ლგბტ" კანონის მიღებაში.  ჩვენ ასეთი ინტერესი არ გვქონდა, ამიტომ, მოდი, გადავულოცოთ "ქართულ ოცნებას" მარტო ეს საქმე. თვითონ შეაგროვონ საჭირო დეპუტაცია, თვითონ გაიარონ საკმარისი რეგისტრაცია და თვითონ დაუჭირონ მხარი. ჩვენთან არაფერი არ იყო შეთანხმებული ამ კანონთან დაკავშირებით, არც სხვა კანონთან დაკავშირებით და უბრალოდ, ვერ მივხვდით რატომ უნდა დავხმარებოდით "ქართულ ოცნებას" ისეთი კანონის მიღებაში, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ფეხებზე კიდია", - განაცხადა ხვიჩიამ.

პარლამენტში პლენარული სხდომა, რომელიც 12:00 საათის შემდეგ ვერ იწყებოდა კვორუმის არარსებობის გამო, მესამე ცდაზე გაიხსნა.