"ხალხნო არ დაიჯეროთ, ეს არის უდიდესი სპექტაკლი, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა თამაშობს სუსი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით", - ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სუსში დღეს გამართულ ბრიფინგს.

"ბატონო ბორია ძალიან გატყუებენ, მასხარად გიგდებს ეს ხალხი.

რაც შეეხება ამ ბოდვას, დღეს რა ბრიფინგიც ჩაატარეს დიდის ამბით - მნიშვნელობა არ აქვს, ვინც არ უნდა იყოს [დაკავებული], მე ზუსტად ვიცი, რომ არანაირი კავშირი საერთოს ასეთ საქმესთან არ ჰქონია და ამასთან დაკავშირებით მე სხვათა შორის დამკითხეს 10 ოქტომბერს სუსში. მე დამკითხეს ტყეში თავისივე ჩათხრილი, მერე ამოთხრილი იარაღის სამალავთან დაკავშირებით. აქ მთავარი ამბავი ის არის, რომ როგორც ბატონ პაატას და ბაჩო ახალაიას შორის შეთხზული და მოგონილი ჩანაწერი ჩაუვარდათ წყალში, ზუსტად ასე ჩაუვარდებათ ახლა რაც არ უნდა მოიგონონ და რაც არ უნდა მოაბან, როგორც დღეს თქვეს, ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძეს ეს ვიღაც, ვინც დააკავეს.

არ ვიცი, რატომ არ ამბობენ სახელს... გამოვრიცხავ, [რომ დაკავებულმა შეიძლება ჩვენება მისცეს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ], თუ ეს ადამიანი კეთილსინდისიერი ადამიანია, მაგრამ თუ სუსის აგენტია და რაღაც სპექტაკლი აქვთ გათამაშებული, ეს კიდევ უარესი იქნება იმიტომ, რომ ვიღაც საცოდავი ადამიანი არ იქნება დაკავებული და ზეწოლა არ იქნება მასზე, მათი აგენტი იქნება და ეს აუცილებლად გამოაშკარავდება...

შესაძლებელია იმის გადასაფარად დღეს ალეკო ელისაშვილზე რაც მოხდა, საზოგადოება როგორ აღშფოთებულიც გამოხატავს ამ ყველაფერზე, რაღაც სჭირდებოდათ და ახლა ზღაპარი მოიგონეს თავიანთი სუპიჭამია ქოცების დასამშვიდებლად...

ყველაზე მაგარი ის ამბავია, რომ ყოველთვის თავიანთ დადგმულ სპექტაკლებში იხლართებიან და ისე, რომ საბოლოოდ დასცინის ყველა... ხალხნო არ დაიჯეროთ, ეს არის უდიდესი სპექტაკლი, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა თამაშობს სუსი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა. 

სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ დააკავეს პირი, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იძებნებოდა. 

მისივე თქმით, გამოძიება მუშაობს დაკავებული პირისა და ბაჩანა ახალაიას, პაატა ბურჭულაძესა და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებს შორის კონტაქტების დადგენაზე.