"ყველა მსხვილი ბიზნესმენი, თითქმის ყველა ქსელური მარკეტი, იმპორტიორების აბსოლუტური უმრავლესობა "ოცნების" შავი სალაროს შემავსებელია", - ამის შესახებ "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ როდესაც მეწარმეები ირაკლი კობახიძეს უყურებენ "ფასებზე ასეთი მუქარის ტონით მოსაუბრეს", ფიქრობენ, რომ ის "ე.წ. პრემიერ-მინისტრი მათი ფულით გახდა". ​

"ჯერ ერთი ვთქვათ ისიც, რომ ყველა მსხვილი ბიზნესმენი, თითქმის ყველა ქსელური მარკეტი, იმპორტიორების აბსოლუტური უმრავლესობა, ეს "ქართული ოცნების" პოლიტიკური პარტნიორები არიან, მათი დამფინანსებლები არიან, როგორც ღიად, ისე მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ შავი სალაროს შემავსებლებიც არიან. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ერთგვარად გაორება სჭირთ, როდესაც კობახიძეს უყურებენ ფასებზე ასეთი მუქარის ტონით მოსაუბრეს, რომ ჩვენი ფულით არ ხარ ე.წ. პრემიერ-მინისტრი? დარწმუნებული ვარ იმ მეწარმეებს, გულში ყველას ეს უდევს და რა თქმა უნდა, ღიად, როდესაც ერთი ერთზე რჩებიან და კამერები არ არის, დარწმუნებული ვარ, ეს საუბარიც მიდის, რომ წლების განმავლობაში ისინი ავსებდნენ "ქართული ოცნების" პარტიის ღიადაც სალაროს, რაც ანგარიშებში აისახებოდა და რაც საჯაროდ აისახებოდა და შავ სალაროსაც, რომლის შესახებაც ინფორმაცია არსებობს და ნათელია, რომ წლების განმავლობაში  ძალიან დიდ, შავ ფულს ხარჯავს "ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვაზე", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ "ტვ პირველის" ეთერში. 

"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ თუ ფუნდამეტურად პოლიტიკა და რეჟიმი არ შეიცვალა, გრძელვადიან პერსპექტივაში ფასებზე კლება არ მოხდება.

"ამიტომ, ერთადერთი რაც შეიძლება მათ მაისისთვის გააკეთონ, არის, რომ ერთჯერადად, მუქარის, თუ თხოვნის ფორმით რაღაც მოკლე პერიოდზე აიძულონ ეს მეწარმე სუბიექტები, რომ რაღაცაზე ფასმა დაიკლოს. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაზე, თუ ფუნდამეტურად პოლიტიკა არ შეიცვალა და რეალურად თუ რეჟიმი არ შეიცვალა, რომელმაც მთლიანად რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული გაგვხადა, როდესაც აგერ ევროპასთან გვქონდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, აშშ-სთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ა.შ.. ანუ, მთელი რიგი მიმართულებებით იმის მაგივრად, რომ გვემუშავა ჩვენი ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე, დივერსიფიცირებაზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა კონკურენციის გაზრდის და ფასების სტაბილიზაციის, ეს ყველაფერი უკუგზით ვითარდებოდა და დღეს უბრალოდ იმიტომ, რომ გვყავს ქვეყანაში მონოპოლისტები, გვაქვს რეალურად შესაძლებელია გაუმართლებელი ფასნამატებიც, ამ ყველაფრის წყარო და საფუძველი არის რეჟიმი და რეჟიმის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.