დღეს საქართველო ბევრად უფრო მზად არის ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს იყო. მე რომ თანამდებობას არ ვეკიდები, ეს იქიდან ჩანს, რომ 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

“ზღვა გადავცურე, მომწამლეს, მიწაზე მათრიეს, ორჯერ ვიყავი ძალიან ახლოს სიკვდილთან და ახლაც ყოველდღიურად ვრისკავ ჩემს სიცოცხლეს.

დღეს საქართველო ბევრად უფრო მზად არის ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს იყო. მე რომ თანამდებობას არ ვეკიდები, ეს იქიდან ჩანს, რომ 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარე, ასევე იყო 2007 წელს, რაზეც დღეს არის ეს ე.წ. პროცესი - მაშინ თბილისში აქციები პატარკაციშვილის დაფინანსებით, რომელიც რუსი კრიმინალი ოლიგარქი იყო და ქართველი კანონიერი ქურდების დაფინანსებით მოეწყო. ამის შემდეგ პრეზიდენტობიდან გადავდექი და ჩემი ბედი ქართველ ხალხსა და ამომრჩეველს გადავაბარე. ყველამ საკუთარ თავს დაუსვას კითხვა, იქნებოდა თუ არა ქვეყანა ბევრად უფრო მდიდარი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? გავიდოდა თუ არა ქვეყნიდან 700 000 ადამიანი და დაბრუნდებოდა თუ არა უკვე გასულების ნაწილი უკან, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? 

არსებობს აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ყველაფერში მშვენივრად გარკვეულია და მხარს უჭერს ჩემს კურსს, რადგან მის ცხოვრებაში იმ ცხრა წელზე უკეთესი არაფერი უნახავს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.