4 ჭიათურელი მაღაროელის სასამართლო პროცესები 12 და 14 იანვარს გაიმართება.

ფეისბუკგვერდი "მაღაროელი" სოციალურ ქსელში წერს, რომ უსამართლობის შესაჩერებლად საჭიროა საერთო სოლიდარობა, გაერთიანება და ერთმანეთის გვერდით დგომა.

"312 დღეა, რაც ჭიათურაში დგას საპროტესტო კარვები და გრძელდება უწყვეტი პროტესტი.

ამასთან, ზუსტად 252 დღეა, რაც ამ პროტესტის მონაწილეები - გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი უსამართლოდ სხედან ციხეში, უკანონოდ შეკერილი ბრალდებებითა და არარეალური მუხლით.

12 და 14 იანვარს ჩანიშნულია მათი სასამართლო პროცესები. ფორმალურად საქმე დასასრულს უახლოვდება, თუმცა რეალურად საიმედო არაფერია.

პროკურატურა სრულად იზიარებს საქმეში დაზარალებულად ცნობილი თენგიზ კობერიძის მოთხოვნას და ითხოვს ბრალდებულებისთვის კანონით გათვალისწინებულ პატიმრობას 6-დან 9 წლამდე.

მიუხედავად ადვოკატების ძალისხმევის, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ეფექტური ჩვენებებისა, მოსამართლე თამარ მაზანაშვილი ამ დრომდე სრულად ეთანხმება პროკურატურისა და დაზარალებულის პოზიციას.

ამის შედეგად, უკვე 252 დღეა, ოთხი ადამიანი უსამართლოდ არის თავისუფლებააღკვეთილი.

ჩვენ კი, ვინც გარეთ ვართ, უწყვეტად და უტეხად ვაგრძელებთ სამართლიან პროტესტს, ყველა მიმართულებით და კანონის ფარგლებში.

თუმცა ამ უსამართლობის შესაჩერებლად საჭიროა საერთო სოლიდარობა, გაერთიანება და ერთმანეთის გვერდით დგომა - განსაკუთრებით მაღაროელებისგან და ჭიათურელი ხალხისგან.

ეს ბიჭები მიტოვებას არ იმსახურებენ

ვისაც გსურთ გამოხატოთ სოლიდარობა გიზიარებთ ანგარიშის ნომერს
#GE40BG0000000604733786GEL" - წერს ფეისბუკგვერდი "მაღაროელი".