ჩვენ, ჩვენდა გაუცნობიერებლად, განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ ვიმყოფებით, ენით უთქმელი შესაძლებლობისანი ვართ და ჩვენი ამქვეყნად მყოფობა, ბუნებრივია, არ შეიძლება შემთხვევითი და უაზრო იყოს, - ამის შესახებ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული.

"თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი საოცრებაა; საოცრებაა თითოეული ჩვენი ორგანოც, მათი ფუნქცია და მუშაობის მექანიზმი. ავიღოთ თუნდაც ტვინი, რომელიც მოიცავს 86 მილიარდამდე ნეირონს და ასეულობით ტრილიონ მათ ურთიერთდამაკავშირებელ რგოლს, რომელნიც ტვინში ყოველდღიურად მილიონობით ბრძანებას ატარებენ ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებიან, რადგან თითოეული მათგანი გარემოცულია ერთგვარი ველით. ამ მოქმედებების სირთულე კი ჩვენს ყოველგვარ წარმოდგენას აღემატება. ამასთან, ეს მხოლოდ მცირე გამოვლინებაა იმ შესაძლებლობებისა, რაც ჩვენშია ჩადებული.

ნუთუ ეს ყველაფერი არაფრისმომცემი, უშინაარსო, წარმავალი ყოველდღიურობისთვის გვებოძა?

ცნობილია ისიც, რომ დედამიწაზეც და მზის სისტემაშიც, საერთოდ, ჩვენს გარშემო არსებულ კოსმოსში, ყოველივე დიდი სიზუსტით არის გათვლილი და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის არსებობისათვის ქმნის სათანადო პირობებს; წელიწადის დროთა მონაცვლეობა, მცენარეთა, ცხოველთა, ფრინველთა, ზღვის ბინადართა სიმრავლე ... წყალი, ჰაერი, მიწა... მათი შეზავება და დანიშნულება...  ადამიანს ემსახურება.

ანუ ჩვენ, ჩვენდა გაუცნობიერებლად, განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ ვიმყოფებით, ენით უთქმელი შესაძლებლობისანი ვართ და ჩვენი ამქვეყნად მყოფობა, ბუნებრივია, არ შეიძლება შემთხვევითი და უაზრო იყოს;

და მართლაც, იგი დიდ დატვირთვას ატარებს და დიდი მიზნის განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს.

ეს კარგად იცოდნენ გაცილებით ადრეც, წინარე საუკუნეებში", - აღნიშნულია საშობაო ეპისტოლეში.