ეს არ არის სისხლის სამართლებრივი დევნა, ეს არის დუტერტეს სტანდარტის სახელმწიფოს ბრალდებები, - ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სხდომას ხურავენ იმიტომ, რომ იქ არსებული კომიზმი და უსამართლობა არ გასაჯაროვდეს.

"ეს არ არის სისხლის სამართლებრივი დევნა, ეს არის დუტერტეს სტანდარტის სახელმწიფოს ბრალდებები და ბუნებრივია, მედიამ რომ არ გააშუქოს სასამართლოზე მიმდინარე უსამართლობა, კომიზმი და ის ისტერიკა, რაც იქ ხდება, ამის გამოა დახურული სასამართლო განხილვა და არა იმის გამო, რომ სისხლის სამართლის საქმის პროცესი ითხოვდეს მსგავსს და არა იმის გამო, რომ ობიექტური საჭიროება არსებობდეს ცარიელ დარბაზში პროცესის ჩატარების", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე პროცესია ჩანიშნული. სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.

გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.