შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ო. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე აგრარულ ბაზარში, ცივი იარაღის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა 1960 წელს დაბადებული ზ.ბ.-ს.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ო. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.