შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით ნაცნობ მამაკაცს სახის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.